ვასწავლოთ სწავლა და ქცევის თვითმართვა

რა არის  თვითრეგულაცია?

   სოციალური დასწავლის ერთი მნიშვნელოვანი ცნებაა თვითრეგულაცია. ბანდურა ვარაუდობდა, რომ ადამიანები აკვირდებიან საკუთარ საქციელს, აფასებენ მას საკუთარი სტანდარტების მიხედვით და შესაბამისად, შინაგანად აქებენ და სჯიან საკუთარ თავს. კარგად შესრულებული საქმის შემდეგ ყველას გამოგვიცდია კმაყოფილების გრძნობა. ასევე, თავად ვხვდებით, როცა არც ისე კარგად შევასრულეთ სამუშაო.
   თვითრეგულაციის ასპექტებს წარმოადგენს: სტანდარტები და მიზნები, რომლებსაც საკუთარ თავს ვუსახავთ; მეთოდები, რომლებსაც საკუთარი გონებრივი პროცესების და ქცევების მონიტორინგისა და შეფასებისთვის ვიყენებთ; შედეგები, რომლებსაც საკუთარ თავს ვუწესებთ მიღწეული წარმატებისა თუ წარუმატებლობისთვის. თუ ჩვენს ფიქრებსა და ქმედებებს თვითონ ვაკონტროლებთ, და არა სხვა ადამიანები და გარემოებები, ესე იგი, გაგვაჩნია თვითრეგულაციის უნარი. მოსწავლეების თვითრეგულაციის უნარი ასაკთან ერთად იზრდება.
  7-12 კლასის მოსწავლეებში თვითრეგულაციის გამოსამუშავებელი სტრატეგიების მაგალითებია:
• მიეცით მოსწავლეებს დავალებები, რომლებიც დამოუკიდებლად სწავლას მოითხოვს;
•ასწავლეთ მოსწავლეებს დავალებების დაგეგმვის კონკრეტული სტრატეგიები (მაგალითად, დაურიგეთ კალენდრები, სადაც ისინი ჩაწერენ დავალებებს და მათი ჩაბარების თარიღებს);
•მიეცით მოსწავლეებს ეფექტური სწავლის კონკრეტული მითითებები (მაგალითად, წასაკითხ დავალებასთან ერთად მიეცით კონკრეტული კითხვები, რომლებსაც კითხვის დროს უნდა უპასუხონ);
 • ხშირად მიეცით მოსწავლეებს შესაძლებლობა, შეაფასონ თავიანთი სწავლის პროგრესი და შემდეგ ეს შეფასება თქვენს შეფასებას შეადარონ;
 • საკლასო დავალებები მოსწავლეთა გრძელვადიან მიზნებს დაუკავშირეთ;
•აუხსენით და მიეცით მოსწავლეებს კითხვის, სწავლის და მეცადინეობის ეფექტური კოგნიტური სტრატეგიების მაგალითები;

 თვითგანსაზღვრული სტანდარტები და მიზნები - ადამიანთა უმეტესობას განსაზღვრული აქვს საკუთარი ქცევის ზოგადი სტანდარტები, რომლებსაც კონკრეტულ სიტუაციებში თავიანთი ქცევების შესაფასებლად იყენებენ. ადამიანები ისახავენ კონკრეტულ მიზნებს, რომლებიც მათთვის მნიშვნელოვანია და რომელთა მიღწევას თავიანთი ქმედებებით ცდილობენ. საკუთარი მიზნების მიღწევა ყველას დიდ კმაყოფილებას ანიჭებს და თვითეფექტიანობის შეგრძნებას მნიშვნელოვნად ამაღლებს.          საკუთარი ქცევის შესაფასებლად მოსწავლეები განსხვავებულ სტანდარტებს ქმნიან და განსხვავებულ მიზნებს ისახავენ. მაგალითად, მერაბი შეიძლება გამუდმებით იმაზე ზრუნავდეს, რომ უმაღლესი ქულები მიიღოს, ხოლო თეა უფრო დაბალი ნიშნებითაც შეიძლება დაკმაყოფილდეს. ბანდურას აზრით, მოსწავლეები ხშირად ისეთივე მიზნებს ისახავენ, როგორსაც მათ გარშემო მყოფი ადამიანები. მოსწავლეები უფრო მოტივირებულნი და წარმატებულნი არიან და მიზნებს უფრო ადვილად აღწევენ, თუ მათ ეს მიზნები თვითონვე დაისახეს. იმისათვის რომ მათ თვითრეგულაციის სწავლაში დავეხმაროთ, ისეთი სიტუაციები უნდა შევუქმნათ, სადაც თვითონვე შეძლებენ საკუთარი მიზნების დასახვას. მაგალითად, შეგვიძლია მოსწავლეებს ვკითხოთ, რამდენი მათემატიკური ამოცანის ამოხსნას შეძლებენ პარასკევამდე, ან რა საკითხის შესწავლა სურთ საკლასო პროექტისათვის.
   სასურველია, მოსწავლეები ისეთი მიზნების დასახვისკენ წავახალისოთ, რომლებიც დიდ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ, ამავე დროს, მიღწევადია. როცა მოსწავლეები დაბალ მიზნებს ისახავენ (მაგ. როცა ნიჭიერი მოსწავლეები დაბალი შეფასებითაც კმაყოფილნი არიან), ვერ ახერხებენ თავიანთი პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებას. მეორე მხრივ, როცა მოსწავლეთა სტანდარტები ძალიან მაღალია (მაგ. როცა არ კმაყოფილდებიან, თუ ყველა დავალებაში უმაღლესი შეფასება არ მიიღეს), ისინი ხშირად განიცდიან წარუმატებლობის გრძნობას და ზედმეტად მშფოთვარენი და დეპრესიულნი ხდებიან, თუკი ვერ ახერხებენ იმ მიზნების მიღწევას, რომლებიც თვითონვე დაისახეს. მასწავლებელმა მათ უნდა დაანახოს, რომ სრულყოფილება არარეალური მიზანია და როცა ახალ და რთულ დავალებებს ასრულებ, ხშირად შეცდომები გარდაუვალია.
  
 ემოციური რეგულაცია - თვითრეგულაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია ემოციური რეგულაცია. ემოციური რეგულაცია მოიცავს იმის ცოდნას, თუ რა ემოცია გაგვაჩნია მოცემულ მომენტში და როგორ ვაკონტროლებთ მას. მასწავლებელმა შეიძლება მოსწავლეებთან ერთად განიხილოს, რა სტრატეგიები უნდა გამოიყენონ ბავშვებმა, როცა ზედმეტად აღგზნებულნი, გაბრაზებულნი ან მოწყენილნი არიან. მაგ., წიგნის კითხვა, თამაში, გრძნობების ისეთი ადამიანებისთვის გაზიარება, რომლებიც მათ გაკრიტიკების და გაკიცხვის გარეშე მოუსმენენ, ან უბრალოდ, ცოტა ხნით განმარტოვება. ემოციური რეგულაცია მოიცავს მოვლენების დადებითი მხარეების დანახვასაც. მაგალითად, მოსწავლე, რომელმაც ტესტში დაბალი შეფასება მიიღო, ამ მოვლენას შეიძლება მიუდგეს, როგორც საჭირო გაფრთხილებას, რომ მომავალში უფრო ბეჯითად უნდა იმეცადინოს. 

თვითმითითებები - ხანდახან მოსწავლეებს შეხსენება სჭირდებათ, როგორ უნდა მოიქცნენ კონკრეტულ სიტუაციაში. მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეს ასწავლოს, როგორ მისცეს საკუთარ თავს მითითებები, ანუ როგორ შეახსენოს საკუთარ თავს, რომელი ქცევაა შესაფერისი მოცემულ სიტუაციაში. ეს სტრატეგია განსაკუთრებით ეფექტურია იმ მოსწავლეებში, რომლებიც ხშირად დაუფიქრებლად მოქმედებენ.     

თვითდაკვირვება - თვითრეგულაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია საკუთარ ქცევაზე დაკვირვება, ანუ თვითდაკვირება. მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევა რომ შევძლოთ, პროგრესის ობიექტურად შეფასება უნდა შეგვეძლოს. თუ დავინახავთ, რომ ჩვენს ძალისხმევას შედეგი მოაქვს, მოტივაცია უფრო იზრდება. მოსწავლეები ყოველთვის ვერ ახერხებენ საკუთარი ქცევის ეფექტურ მონიტორინგს. საჭიროა, რომ მათ თვითდაკვირვების კონკრეტული მექანიზმები ვასწავლოთ. მაგალითად, მოსწავლეს, რომელიც ხშირად ხელის აწევის გარეშე პასუხობს მასწავლებლის კითხვებს, შეგვიძლია ვთხოვოთ, ქაღალდის ფურცელზე თითო ხაზით აღნიშნოს, როცა მასწავლებლის კითხვას წამოძახილით, რიგგარეშე უპასუხებს. ასეთმა თვითდაკვირვებამ და ჩანაწერების გაკეთებამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეცვალოს მოსწავლის ქცევა.
  
თვითშეფასება - თვითრეგულაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია თვითშეფასების უნარი, ობიექტურად და სწორად შეაფასონ საკუთარი ქცევა. მოსწავლეთა თვითშეფასების უნარი ძალიან მნიშვნელოვანია მათი მომავალი წარმატებისთვის.

ქვემოთ მოცემულია თვითშეფასების რამდენიმე სტრატეგია. სთხოვეთ მოსწავლეებს:
• გააკეთონ ყოველკვირეული ან ყოველთვიური ჩანაწერები, სადაც შეაფასებენ, რამდენად კარგად შეასრულეს დავალებები; სთხოვეთ, აღნიშნონ შესრულებული სამუშაოს ძლიერი და სუსტი მხარეები;
 • პატარა ჯგუფებში შეაფასონ ერთმანეთის ნამუშევრები;
• შექმნან საქაღალდე, სადაც თავიანთ საუკეთესო ნამუშევრებს მოუყრიან თავს; აგრეთვე, ყველა მათგანს თან უნდა ახლდეს მოსწავლის მიერ საკუთარი ნამუშევრის შეფასება.

 სწავლის თვითრეგულაცია 

   იმისათვის რომ მოსწავლეებმა ეფექტურად ისწავლონ, უნდა შეეძლოთ არამარტო საკუთარი ქცევის, არამედ საკუთარი გონებრივი პროცესების რეგულაცია.
 სწავლის თვითრეგულაცია მოიცავს შემდეგ მეტაკოგნიტურ პროცესებს:
   
 • მიზნების დასახვა - მოსწავლეებმა, რომლებსაც სწავლის თვითრეგულაციის უნარი აქვთ, იციან, რა მიზნების მიღწევა უნდათ მეცადინეობის დროს. მიზანი შეიძლება იყოს კონკრეტული ფაქტების გაცნობა, საგნის შესახებ ზოგადი ცოდნის მიღება, ან ცოდნის დაგროვება გამოცდის კარგად ჩასაბარებლად. ჩვეულებრივ, ეს მოსწავლეები კონკრეტული მეცადინეობის მიზნებს თავიანთ გრძელვადიან მიზნებთან და მისწრაფებებთან აკავშირებენ.
  
• დაგეგმვა - მოსწავლეები, რომლებსაც სწავლის თვითრეგულაციის უნარი აქვთ, წინასწარ განსაზღვრავენ, როგორ უნდა გამოიყენონ მეცადინეობისთვის განკუთვნილი დრო და რესურსები.

  • თვითმოტივაცია - მოსწავლეებს, რომლებსაც სწავლის თვითრეგულაციის უნარი აქვთ, ხშირად მაღალი თვითეფექტურობის შეგრძნება უჩნდებათ: მათ სჯერათ, რომ დავალების წარმატებით შესრულება შეუძლიათ. ისინი მთელ რიგ სტრატეგიებს იყენებენ იმისათვის, რომ ყურადღების კონცენტრაცია შესასრულებელ დავალებაზე მოახდინონ. მაგალითად, ცდილობენ, მოსაწყენი დავალება უფრო საინტერესო და სახალისო გახადონ; საკუთარ თავს ახსენებენ, რომ წარმატება მნიშვნელოვანია და დავალების წარმატებით შესრულების შემთხვევაში საკუთარ თავს ჯილდოსაც ჰპირდებიან.
 
 • ყურადღების კონტროლი - მოსწავლეები, რომლებსაც სწავლის თვითრეგულაციის უნარი აქვთ, ცდილობენ, ყურადღების კონცენტრაცია შესასრულებელ დავალებაზე მოახდინონ. მათ შეუძლიათ, არ იფიქრონ სხვა საგნებზე და გააჩნიათ საკუთარი ემოციების კონტროლის უნარიც.
 
 • სწავლის სტრატეგიების მოქნილად გამოყენება - მოსწავლეები, რომლებსაც სწავლის თვითრეგულაციის უნარი აქვთ, თავიანთი მიზნების მისაღწევად სწავლის მრავალფეროვან სტრატეგიებს იყენებენ.
 
თვითმონიტორინგი - მოსწავლეები, რომლებსაც სწავლის თვითრეგულაციის უნარი აქვთ, მუდმივად აკვირდებიან თავიანთ სწავლის პროცესს. თუ ამის საჭიროება არსებობს, სწავლის სტრატეგიებს ან მიზნებს ცვლიან.
 
 • დახმარებისთვის მიმართვა - მოსწავლეები, რომლებსაც სწავლის თვითრეგულაციის უნარი აქვთ, ყოველთვის არ ცდილობენ ყველაფრის დამოუკიდებლად გაკეთებას. პირიქით, ისინი ხვდებიან, როდის სჭირდებათ სხვა ადამიანების დახმარება და საჭიროებისამებრ, მიმართავენ მათ

 • თვითშეფასება - მოსწავლეებს, რომლებსაც სწავლის თვითრეგულაციის უნარი აქვთ, შეუძლიათ შეაფასონ, რამდენად კარგად დაეხმარებათ ნასწავლი მასალა თავიანთი მიზნების მიღწევაში. თუ ამის საჭიროება არსებობს, მათ ცვლილებები შეაქვთ სწავლის სტრატეგიებში. როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს სწავლის თვითრეგულაციის სწავლაში?
   ამგვარად, ასწავლეთ მოსწავლეებს ეფექტური სწავლის სტრატეგიები; მიეცით ისეთი დავალებები, რომლებიც დამოუკიდებლად, ან მცირე ჯგუფებში მუშაობას მოითხოვს, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, თვითონვე განსაზღვრონ მიზნები და დაგეგმონ, როგორ უნდა გამოიყენონ დრო; წაახალისეთ დააკვირდნენ სწავლის პროცესს, შეაფასონ თავიანთი ნამუშევარი; შეადარონ თავიანთი შეფასება მასწავლებლის შეფასებას.

თვითრეგულაცია - ქცევის თვითმართვა

 ქცევის თვითმართვა არის ადამიანის უნარი, გააცნობიეროს და მართოს საკუთარი ქცევა. იმის გადასაწყვეტად, რომელი ქცევა უნდა შევცვალოთ და რომელი შევინარჩუნოთ, აუცილებელია ზუსტად ვაფასებდეთ ჩვენს ქმედებებს. მოსწავლეებს საკმაოდ უჭირთ საკუთარი ქცევის ობიექტურად შეფასება. მაგალითად, ის შეიძლება ვერც ხვდებოდეს, რომ საკლასო დავალებისთვის გამოყოფილი დროის ნახევარზე მეტს კლასის თვალიერებასა და მერხზე წრიალში ატარებს. ამდენად, ვერც იმას მიხვდება, რატომ ვერ ასწრებს დავალების დასრულებას და რატომაა მისი შედეგები ასე დაბალი.
 ქცევის თვითმართვის მისაღწევად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლე დააკვირდეს საკუთარ ქცევას და განახორციელოს საჭირო ცვლილებები. ამ უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისთვის მოსწავლემ და მასწავლებელმა ერთად უნდა იმუშაონ.
 ეს არის საკმაოდ რთული პროცესი, რომელიც რამდენიმე ეტაპად შეიძლება დაიყოს:
 1 მიზნის (სამიზნე ქცევის) განსაზღვრა; 
 2 თვითდაკვირვების მეთოდის შემუშავება; 
 3 წახალისების ფორმების შერჩევა; 
 4 თვითდაკვირვების სისტემის გამოყენება;
 5 თვითგანმტკიცება. 

I. მიზნის განსაზღვრა.
 მოსწავლე და მასწავლებელი ერთად განსაზღვრავენ, მოსწავლის რა ქმედებაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება. ამგვარი ქმედებების არჩევანი საკმაოდ ფართოა და დამოკიდებულია იმაზე, თუ რას აღიქვამს ორივე მხარე განსაკუთრებით პრობლემურად. სწორედ იმ ქცევას, რომლის შეცვლას ან ჩამოყალიბებასაც ვისახავთ მიზნად, ეწოდება სამიზნე ქცევა. ბუნებრივია, რომ მოსწავლეები მეტად იქნებიან დაინტერესებული მიზნის მიღწევით და შესაბამისად, მეტსაც მიაღწევენ, თუ მიზანი თავს მოხვეული კი არა, მათ მიერვეა განსაზღვრული. ეს ფაქტორი არსებითია თვითმართვის უნარის განვითარებისთვის. ამიტომ, სასურველია, შევქმნათ სიტუაციები, სადაც მოსწავლე თავად შეძლებს, გადაწყვიტოს, რა მიზნის მიღწევა სურს. მაგალითად, შეიძლება ვკითხოთ მას, რამდენი ახალი ინგლისური სიტყვის სწავლას შეძლებს თემის დასრულებამდე, ან რამდენ ხანში შეძლებს თანაკლასელთან კონფლიქტის მოგვარებას. მასწავლებლის ტაქტსა და პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული, რომ ქცევა, რომელიც მასწავლებელს პრობლემურად მიაჩნია, მოსწავლისთვისაც იქცეს მიზნად. არც თუ ისე რთულია, გავაღვიძოთ მოსწავლის ღირსების შეგრძნება, მისი სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობა და დავანახოთ მას, რომ მისი ქცევა გავლენას ახდენს არა მხოლოდ მისივე, არამედ სხვების ყოფაზეც.
   სამიზნე ქცევად შეიძლება იქცეს კლასში სავარჯიშოს დროზე დასრულება, საშინაო დავალების ჩაბარება, საკუთარ ადგილზე ყოფნა მთელი გაკვეთილის მანძილზე, მასწავლებლის შეკითხვაზე პასუხის გაცემის ფორმა, შესასრულებელ სამუშაოზე ყურადღების კონცენტრაცია, თანაკლასელებისადმი მიმართვის ფორმები და ა.შ. ამასთან, სამიზნე ქცევა არ უნდა იყოს ზოგადი, რათა გაადვილდეს მისი აღრიცხვა. არასაკმარისად კონკრეტულია: „რამდენად პატივისცემით ვექცევი თანაკლასელებს“, რადგან ამის დათვლა ან გაზომვა პრაქტიკულად შეუძლებელია. სამაგიეროდ, საკმაოდ ადვილად შეიძლება მოსწავლე დააკვირდეს, თუ რამდენჯერ დაარტყა კლასელს, ან პირიქით, რამდენჯერ უპასუხა მას თავაზიანი ფრაზით.
    სამიზნე ქცევის განსაზღვრას აუცილებლად უნდა მოჰყვეს მისი დეტალური განხილვა მოსწავლისთვის გასაგებ ენაზე. “სამუშაოზე ფოკუსირებული“ შეიძლება მისთვის ითარგმნოს, როგორც “წერს, კითხულობს ან პასუხობს შეკითხვებს განსაზღვრულ დროში“. მთავარია, მოსწავლეს ზუსტად ესმოდეს, კონკრეტულად რა ქცევას უნდა დააკვირდეს. მიზნის განსაზღვრის ეტაპზე მასწავლებელი უნდა დაეხმაროს მოსწავლეს, რომ მიზანი იყოს რეალისტური, მაგრამ არც ძალიან ადვილად მისაღწევი. აუცლებელია, წავახალისოთ იგი და დავანახოთ, რომ ამ ამოცანის გადაჭრა შესაძლებელია. ზოგჯერ საჭირო ხდება იმის ახსნაც, რომ სრულყოფილებას არ უნდა ველოდოთ და შეცდომის გარეშე რთული ამოცანისთვის თავის გართმევა შეუძლებელია.

II. თვითდაკვირვების მეთოდის შემუშავება.

 მოსწავლესთან ერთად მასწავლებელმა უნდა განსაზღვროს, როგორ მოხდება სამიზნე ქცევის აღრიცხვა. ამისთვის გამოიყენება სხვადასხვა სახის ცხრილი და ხშირად, დროის გაზომვის რამე მექანიზმი: წამმზომი, მაღვიძარა და ა.შ. მაგალითად, მოსწავლეს მერხზე უდევს მარტივი ცხრილი, რომელშიც აღნიშნავს მის მიერ სამიზნე ქცევის სწორად განხორციელების ყველა შემთხვევას (მაგ. რამდენჯერ აწია ხელი წამოძახების ნაცვლად). არსებობს ცხრილები, რომლებშიც მოსწავლემ უნდა აღრიცხოს, ასრულებს თუ არა სამიზნე ქცევას მოცემულ მომენტში. მაგალითად, მაღვიძარას ყოველ სიგნალზე მოსწავლემ უნდა + ან - ნიშნით უნდა აღნიშნოს, მუშაობს თუ არა დავალებაზე. აქ მნიშვნელობა არ აქვს, რას აკეთებდა მოსწავლე წუთის წინ ან თუნდაც ბოლო 5 წუთის მანძილზე. აღირიცხება მხოლოდ ის, თუ რას აკეთებს იგი სიგნალის დროს. ამ მეთოდის გამოყენებისას უმჯობესია უფრო ხანმოკლე შუალედიდან დაწყება და ამ დროის თანდათანობით გაზრდა. აუცილებელია, რომ მოსწავლეები ვერ ხედავდნენ საათს და სიგნალი მოულოდნელი იყოს. მოსწავლის შედეგების გაუმჯობესებასთან ერთად იზრდება ინტერვალი სიგნალებს შორის. ბევრი მასწავლებელი საჭიროდ მიიჩნევს, გაართულოს თავად დავალებაც. სიგნალის გაგონებისას მოსწავლე 0-დან 5 ქულამდე აფასებს საკუთარ ქცევას წინა სიგნალის შემდგომ პერიოდში.


 III. წახალისების ფორმების შერჩევა.

 წახალისება თვითმართვის სისტემის ფუნქციონირების მნიშვნელოვანი ელემენტია. ზოგი მოსწავლის დაინტერესებისათვის საკმარისი აღმოჩნდება თავად ის ფაქტორი, რომ თვითონ აკონტროლებს და აფასებს საკუთარ ქცევას. თუმცა უმრავლეს შემთხვევაში საჭირო ხდება დამატებითი განმამტკიცებლები, ანუ რეაგირების ფორმები, რომლებიც ხელს უწყობენ სასურველი ქცევის განტკიცებას. ამგვარი განმამტკიცებლების შერჩევა მოსწავლის განვითარების საფეხურის და ინტერესების გათვალისწინებით ხდება. 7 -12 კლასებში ეფექტური განმამტკიცებლები შეიძლება გახდეს: თავისუფალი დრო კლასელებთან ურთიერთობისთვის (მაგ., დავალების დროულად დამთავრების შემთხვევაში); მასწავლებლის დადებითი შეფასება კონკრეტული ქმედებისათვის (უმჯობესია პირად საუბარში); გადაწყვეტილების მინდობა მოსწავლეებისათვის.
    რასაკვირველია, თვითმართვის უნარი ავტომატურად არ ვითარდება ასაკის მატებასთან ერთად. არც თუ ისე იშვიათად, დამამთავრებელ კლასებშიც კი მოსწავლეებს ჯერ არ აქვთ სრულად ისინი ჩამოყალიბებული. ყველა კონკრეტულ შემთხვევებში მასწავლებელი თავად განსაზღვრავს, რა სახის განმამტკიცებლებია საჭირო. ცდილობს, თანდათან უფრო მაღალი დონის განმამტკიცებლები შესთავაზოს მოსწავლეს. ეს გადასვლა თანდათანობითი, ხოლო განმამტკიცებელი სასურველი და ღირებული უნდა იყოს მოსწავლისთვის. ამიტომ იგი ერთობლივი შეთანხმებით უნდა შეირჩეს. თუმცა ზოგჯერ მასწავლებელი, რომელიც კარგად იცნობს მოსწავლის ხასიათს და მისწრაფებებს, უფრო ზუსტად პოულობს წახალისების ეფექტიან ფორმას, ვიდრე ბავშვი. შესაძლოა ისიც, რომ მოსწავლეებს შევთავაზოთ არჩევანი განმამტკიცებლებს შორის.

 IV. თვითდაკვირვების სისტემის გამოყენება

როცა სამიზნე ქცევა, მისი აღრიცხვის და წახალისების ფორმები განსაზღვრულია, მასწავლებელი უნდა დაეხმაროს მოსწავლეს ამ სისტემის კარგად გააზრებაში და ასწავლოს მისი პრაქტიკულად გამოყენება. ეს მოითხოვს პირად შეხვედრებს და დეტალების დაზუსტებას. ამას მოსდევს მცირე ექსპერიმენტები, როცა მოსწავლე უკვე ცდილობს სისტემის დანერგვას და გაკვეთილზე აკვირდება და აღრიცხავს სამიზნე ქცევას. ამ ეტაპზე მასწავლებლის მოვალეობაა, აკონტროლოს მოსწავლის დაკვირვების სიზუსტე. თვითდაკვირვების უნარის ჩამოყალიბების თვალსაზრისით, მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმას, თუ რამდენად ზუსტად აღრიცხავს მოსწავლე თავის ქცევას. მაგალითად, უნდა წახალისდეს მოსწავლე, რომელიც გვეუბნება, რომ 20 წუთიანი დამოუკიდებელი სამუშაოდამ მხოლოდ 3 წუთი დაუთმო დავალებას, თუ ეს ემთხვევა მასწავლებლის შეფასებას. სამაგიეროდ, ჯილდოს ვერ მიიღებს მოსწავლე, რომელმაც 15 წუთი იმუშავა, მაგრამ თავის ანგარიშში მეტ დროს აჩვენებს.
   ხშირად რამდენიმე დღე მაინც სჭირდება იმას, რომ მოსწავლემ სათანადო სიზუსტით შეძლოს თავისი ქცევის აღრიცხვა. ამ დღეების მანძილზე მასწავლებელმა სისტემატურად უნდა შეადაროს თავისი დაკვირვების შედეგები მოსწავლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. შემდეგ ეტაპებზე მასწავლებლის სისტემატური კონტროლი საჭირო აღარ არის, მაგრამ მოსწავლის მოულოდნელი პერიოდული შემოწმება მაინც სასარგებლოა.

V. თვითგანმტკიცება.

თვითმართვის სტრატეგიების გამოყენების შედეგად მოსწავლის ქცევა თანდათან უახლოვდება დასახულ მიზანს. როცა ნათელი ხდება, რომ სისტემა მოქმედებს, სასურველია, თანდათან შევამციროთ განმამტკიცებლების გამოყენება, ავამაღლოთ სტანდარტი, ბოლოს კი ჩავანაცვლოთ გარეგანი ჯილდო თვითგანმტკიცებით. თუ, მაგალითად, თავიდან მოსწავლე ჯილდოვდებოდა დავალებაზე კონცენტრაციის ყოველი 5 წუთისათვის, ბოლოს მისი მიზანია, საკუთარი ქცევის კონტროლი მთელი გაკვეთილის მანძილზე. ეს ცვლილება თანდათანობითი უნდა იყოს, რადგან განმამტკიცებლების სწრაფად გაქრობამ შეიძლება ძველი ქცევის აღდგენა გამოიწვიოს. ბოლოს კი მოსწავლეს უნდა დავეხმაროთ მისთვის ყველაზე სასურველი განმამტკიცებლის პოვნაში, რომლითაც შეუძლია საკუთარი თავი დააჯილდოოს მიზნის მიღწევისთვის. ერთისთვის ეს შეიძლება იყოს თავისუფალი დრო და მეცადინეობისგან დასვენება, მეორესთვის რაიმე საქმიანობა (მაგ. ფეხბურთის თამაში), მესამესთვის კი საკმარისი აღმოჩნდება მიზნის მიღწევისგან მიღებული კმაყოფილების გრძნობა. თვითგანმტკიცება არანაკლებ ეფექტურია, ვიდრე მასწავლებლის მიერ გამოყენებული განმტკიცების ნებისმიერი ხერხი.
   დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ თვითმართვის უნარის ჩამოყალიბება რთული და ეტაპობრივი პროცესია. იგი დიდ დროს და ძალისხმევას მოითხოვს როგორც მასწავლებლის, ისე მოსწავლის მხრიდან, მაგრამ უდავოა, რომ ამ გზით შეიძლება მოსწავლის ქცევაში გრძელვადიანი ცვლილებების მიღწევა, რომლებიც დადებით გავლენას ახდენს მოსწავლის თვითშეფასებასა და აკადემიურ წარმატებაზე.

 თვითრეგულაცია - სწავლის თვითმართვა, მეტაკოგნიცია

 ტერმინი მეტაკოგნიცია გულისხმობს „აზროვნებას იმაზე, თუ როგორ ვაზროვნებთ“.
 მეტაკოგნიცია მოიცავს:
  • ფიქრს იმაზე, თუ რას არის აზროვნება და სწავლა;
  • ცოდნას ჩვენი მეხსიერებისa და სწავლის შესაძლებლობების შესახებ;
 • ცოდნას იმისა, თუ რა მიზნით ვსწავლობთ, როგორ უკავშირდება ის რასაც        ვსწავლობთ, გრძელვადიან მიზნებს;
  • სწავლის პროცესების ეფექტურად დაგეგმვას;
 •სწავლის ეფექტიანი სტრატეგიების ცოდნას და გამოყენებას ახალი მასალის ასათვისებლად;
   • შეფასებას, თუ რა ვისწავლეთ და რამდენად კარგად გავიგეთ.

 ცნობილია, რომ დროის გარკვეულ მონაკვეთში მხოლოდ განსაზღვრული მოცულობის ინფორმაციის ან ცოდნის შეძენაა შესაძლებელი. ცნობილია ისიც, რომ ახალ მასალას უფრო სწრაფად ისწავლით და მოგვიანებით უფრო ადვილად გაიხსენებთ, თუ მას რაიმე სახის ორგანიზებას გაუკეთებთ. ამგვარად, არსებობს სხვადასხვა სტრატეგიები, რომლებიც ხელს უწყობს ახალი მასალის ეფექტურად ათვისებაში, ზოგადად, სწავლაში და მაღალი შედეგების მიღწევაში.მნიშვნელოვანია, რომ ისინი მოსწავლეებს ვასწავლოთ.

 ქვემოთ მოცემულია მეტაკოგნიტური უნარების განვითრების ხელშემწყობის ზოგიერთი სტრატეგია 7-12 კლასის მოსწავლეებისათვის:
 • გააცანით მოსწავლეებს სწავლის ეფექტიანი სტრატეგიები; აჩვენეთ მათ ამ სტრატეგიების ეფექტურად გამოყენების მაგალითები;
 • ხელი შეუწყეთ მოსწავლეებს სწავლის სტრატეგიების გამოყენებაში (მაგალითად, მიეცით მონახაზი იმისა, თუ როგორ გააკეთონ ჩანაწერები, დაუსვით კითხვები სწავლის დროს, მიეცით ინფორმაციის შეჯამების ნიმუში);
 • გაკვეთილზე გამოყავით დრო იმისათვის, რომ მოსწავლეებმა პატარა ჯგუფებში ერთად იმეცადინონ ნასწავლი სტრატეგიების გამოყენებით;
 • შექმენით მოსწავლეთა შეფასების ისეთი სისტემა, რომელიც მასალის გაგებაზე, ინტეგრაციაზე და გამოყენებაზე (და არა უბრალოდ ფაქტების დამახსოვრებაზე) გააკეთებს აქცენტს, სთხოვეთ მოსწავლეებს ხშირად გააკეთონ თვითშეფასება.

 სწავლის ეფექტური სტრატეგიები

  ბევრმა კვლევამ აჩვენა, რომ მოსწავლეთა უმრავლესობა (უნივერსიტეტის სტუდენდებიც კი!), მასალის სირთულის მიუხედავად, ძირითადად სწავლის პრიმიტიულ სტრატეგიებს, მაგალითად, გამეორებას იყენებს. მაგრამ მექანიკური გამეორება არ არის ახალი ინფორმაციის სწავლის და დამახსოვრების საუკეთესო სტრატეგია.
   ეფექტური სწავლა და მეცადინეობა საკლასო მასალის აქტიურად გააზრებას და გადამუშავებას მოითხოვს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს გავაცნოთ სწავლის ეფექტური სტრატეგიები და ვასწავლოთ მათი გამოყენება.

მნიშვნელოვანი ინფორმაციის ამოცნობა - მოსწავლეებს არ შეუძლიათ, დაიმახსოვრონ ყველა ის ინფორმაცია, რაც მათ საკლასო ოთახში გაიგეს ან სახელმძღვანელოში წაიკითხეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ჰქონდეთ სწავლის დროს საკლასო მასალის გადარჩევის და დახარისხების უნარი. მოსწავლეთა გადაწყვეტილებები, თუ რა ისწავლონ, ძირითადი ცნებები და მნიშვნელოვანი ინფორმაცია, თუ ცალკეული ფაქტები და უმნიშვნელო დეტალები, ზეგავლებას ახდენს მათ სწავლასა და აკადემიურ მოსწრებაზე. მოსწავლეებს ხშირად უჭირთ დავალებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის ამოცნობა. ბევრი მათგანი ზედაპირულ მახასიათებლებზე ამახვილებს ყურადღებას. მაგალითად, იმაზე, თუ რას წერს მასწავლებელი დაფაზე, ან სახელმძღვანელოში რა სიტყვები და ფრაზებია მოცემული მსხვილი ან დახრილი შრიფტით.
 მასწავლებელმა უნდა მიუთითოს მოსწავლეებს, რომელი ცნებები და ინფორმაციაა მნიშვნელოვანი სასწავლო მასალაში. ეს მოსწავლეებს ეფექტურად სწავლაში დაეხმარება. მასწავლებელს, რა თქმა უნდა, შეუძლია პირდაპირ მოუნიშნოს მოსწავლეებს, თუ რა ისწავლონ. თუმცა, უფრო ეფექტური სტრატეგიაა, შემდეგი ხერხების გამოყენებით მივახვედროთ, რა არის გაკვეთილში მნიშვნელოვანი:
გააცანით ბავშვებს გაკვეთილის მიზნები. ეს ინფორმაცია შეიძლება გაკვეთილის დაწყებამდე დაფაზე ჩამოწეროთ;
• დაფაზე დაწერეთ მთავარი ცნებები და მიუთითეთ, როგორ არის ისინი ერთმანეთთან დაკავშირებული;
• დაუსვით მოსწავლეებს ისეთი კითხვები, რაც მათ ყურადღებას გაამახვილებს მნიშვნელოვან ცნებებსა და იდეებზე.

არსებული ცოდნის გახსენება - მოსწავლეები უფრო ეფექტურად სწავლობენ, როცა მათ უკვე გააჩნიათ გარკვეული ცოდნა, რომელთანაც შეიძლება ახალი ცნებები დააკავშირონ. ამგვარად, ძალიან მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს ჰქონდეთ ახალი ცნებებისა და არსებული ცოდნის ერთმანეთთან დაკავშირების უნარი. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია, უბრალოდ გავახსენოთ მოსწავლეებს, თუ რა შესაბამისი ცოდნა გააჩნიათ მათ ახალ მასალასთან დაკავშირებით. თუმცა, უფრო კარგი იქნება, დავეხმაროთ მოსწავლეებს, თვითონ გაიხსენონ შესაბამისი ინფორმაცია სწავლის და მეცადინეობის დროს. მაგალითად, დროდადრო შევჩერდეთ ახალ მასალაზე მუშაობისას, რათა წაკითხული ინფორმაცია ან ცნება ადრე ნასწავლ მასალასთან, ან მოსწავლეთა გამოცდილებასთან დავაკავშირებინოთ დამაზუსტებელი კითხვებით. შემდეგ შეიძლება მოსწავლეები წავახალისოთ, რომ იგივე დამოუკიდებლად გააკეთონ და, საჭიროებისამებრ, მივცეთ მითითებები.

ჩანაწერების გაკეთება - ჩანაწერების გაკეთება მნიშვნელოვან როლს თამაშობს სწავლაში. ზოგადად, მოსწავლეები, რომლებიც ჩანაწერებს აკეთებენ, უფრო კარგად იმახსოვრებენ და ითვისებენ მასალას. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩანაწერების ხარისხი. კარგი და გამოსადეგი ჩანაწერი, ჩვეულებრივ, გაკვეთილის ან საკითხავი მასალის ძირითად პუნქტებს და არსს ასახავს. მიუხედავად იმისა, რომ ჩანაწერების გაკეთება სასარგებლოა სწავლისთვის, მოზარდთა უმრავლესობა არ იყენებს ამ სტრატეგიას, ან ხშირად, ჩანაწერები ცუდი ხარისხისაა და გამოუსადეგარია. როგორ შეიძლება ვასწავლოთ ბავშვებს კარგი ჩანაწერების გაკეთება? მოსწავლეთათვის ჩანაწერების სტრუქტურის ანუ გეგმის მიცემა ერთ–ერთი ხერხია, რომელიც მასწავლებლებმა შეიძლება გამოიყენონ. გეგმა მოსწავლეებს მიანიშნებს, თუ რას უნდა მიაქციონ ყურადღება გაკვეთილის დროს და რა სახის ინფორმაცია უნდა ჩაწერონ. ასევე, მასწავლებლებს შეუძლიათ დროდადრო შეამოწმონ, თუ რამდენად ზუსტ ჩანაწერებს აკეთებენ ბავშვები და, შესაბამისად, ურჩიონ, როგორ გააუმჯობესონ ისინი.

 ინფორმაციის ორგანიზება - მოსწავლეები უფრო ეფექტურად სწავლობენ, როცა ისინი ორგანიზებას უკეთებენ იმ ინფორმაციას, რომელსაც სწავლობენ. ერთ-ერთი სასარგებლო სტრატეგიაა მასალის მონახაზის გაკეთება, რაც ინფორმაციის ძირითადი იდეების იერარქიულად ორგანიზებას გულისხმობს. კიდევ ერთი ეფექტური ხერხია ცნებათა რუკების დახატვა. ცნებათა რუკა არის დიაგრამა, რომელიც ცნებებს შორის ურთიერკავშირს ასახავს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ის ვიზუალურად გვიჩვენებს, თუ როგორ არის ცნებები ერთმანეთთან დაკავშირებული. ცნებათა რუკების აგება მოსწავლეებს მნიშვნელოვნად უწყობს ინფორმაციის გააზრებაში. როცა მოსწავლეები სიტყვიერ მასალაზე (მაგალითად, ლექციაზე და სახელმძღვანელოზე) დაყრდნობით აგებენ ცნებათა რუკებს, ისინი ახდენენ მასალის ვიზუალურად კოდირებას/დაშიფვრას. ცნებათა რუკების აგება, მოსწავლეებს იმის გაცნობიერებაშიც ეხმარება, თუ რას მოიცავს სწავლა: რომ სწავლა მხოლოდ ინფორმაციის მიღების პროცესი არ არის, არამედ მოიცავს იდეებისა და ცნებების ერთმანეთთან დაკავშირებასაც.

 ინფორმაციის გადამუშავება - ინფორმაციის გადამუშავება ანუ სიღრმისეულად გააზრება გულისხმობს ამ ინფორმაციის საფუძველზე დასკვნების გაკეთებას, მაგალითების მოყვანას, ცნებებისა და იდეების ერთმანეთთან დაკავშირებას. მოსწავლეები ინფორმაციის გადამუშავების სტრატეგიის გამოყენებას, დაახლოებით, 13–14 წლის ასაკში იწყებენ და დროთა განმავლობაში უფრო ხშირად მიმართავენ. თუმცა მაღალ კლასებშიც კი, კითხვისა თუ სწავლის დროს, რეგულარულად მხოლოდ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეები იყენებენ ამ სტრატეგიას. როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს საკლასო მასალის გადამუშავება? მაგალითად, მასალის ახსნის ან სახელმძღვანელოდან ნაწყვეტის წაკითხვის დროს, თქვენ თვითონ მოიყვანეთ მაგალითი ახალი ცნების ასახსნელად, განიხილეთ ამ სტრატეგიის მნიშვნელობა და სთხოვეთ მოსწავლეებს, გაიმერონ იგივე სხვა ცნებისთვის. დაუსვით მოსწავლეებს სააზროვნო კითხვები, რომლეიც მიიყვანენ დასკვნის გამოტანამდე. კიდევ ერთი სტრატეგიაა, სთხოვოთ მოსწავლეებს, იმუშაონ წყვილ–წყვილად ან პატარა ჯგუფებში იმაზე, რომ თავად დასვან კითხვები ინფორმაციის გასააზრებლად და უპასუხონ მათ.

მასალის მოკლედ გადმოცემა/შეჯამება - სწავლის კიდევ ერთი ეფექტური სტრატეგიაა მასალის შეჯამება და მოკლედ გადმოცემა. მასალის კარგად შეჯამება საკმაოდ რთული პროცესია. იგი მოიცავს მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო ინფორმაციის განსხვავებას, ინფორმაციის სინთეზს, ცნებებსა და იდეებს შორის მნიშვნელოვანი კავშირების დანახვას. გასაოცარი არ არის, რომ ბევრ მაღალკლასელ მოსწავლესაც უჭირს მასალის ეფექტურად შეჯამება. ამ სტრატეგიის დაუფლების საუკეთესო ხერხია, რეგულარულად დავავალოთ მოსწავლეებს, შეაჯამონ წაკითხული და მოსმენილი მასალა. მაგალითად, შეიძლება ხანდახან საშინაო დავალებად მივცეთ, რომ სახელმძღვანელოს ერთ თავში მოცემული ინფორმაცია წერილობით მოკლედ გადმოსცენ. აგრეთვე, შეიძლება მოსწავლეებს დავავალოთ, პატარა ჯგუფებში იმუშაონ მოკლე ზეპირ პრეზენტაციაზე ნებისმიერი თემის შესახებ. პრეზენტაცია ნასწავლი მასალის მოკლე შინაარსს უნდა მოიცავდეს. ასევე, შეიძლება ვთხოვოთ თითოეული წაკითხული აბზაცის ერთ წინადადებაში შეჯამება.

 გაგება-გააზრების შემოწმება - სწავლის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიაა გაგებაგააზრების მონიტორინგი, პროცესი, რომელიც მოიცავს იმის პერიოდულად შემოწმებას, თუ რამდენად კარგად გავიგეთ და დავიმახსოვრეთ ახალი მასალა. თქვენ რამდენად კარგად შეგიძლიათ გაგება-გააზრების შემოწმება? შემდეგი სავარჯიშო დაგეხმარებათ ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში. შეჩერდით ერთი წუთით და საკუთარ თავს შემდეგი კითხვა დაუსვით: რა ვისწავლე/გავიგე ამ ტექსტის წაკითხვის შედეგად? ქაღალდის ფურცელზე ჩამოწერეთ ყველაფერი, რის გახსენებასაც შეძლებთ. ახლა გადახედეთ თქვენ მიერ წაკითხულ ტექსტს. მოიცავს თუ არა თქვენი ჩანაწერები ამ გვერდებში განხილულ ყველა ძირითად ცნებას და იდეას? არის ისეთი რამ, რაც საერთოდ არ გახსოვდათ? იქნებ მისი წაკითხვის დროს გონებით სულ სხვაგან იყავით? წარმატებული მოსწავლეები მუდმივად ამოწმებენ თავიანთ თავს, როგორც სწავლის დროს, ასევე გარკვეული მასალის შესწავლის შემდეგ. მეტიც, როცა ხვდებიან, რომ რაღაც ვერ გაიგეს, ხელახლა კითხულობენ, ან სვამენ კითხვებს გაკვეთილზე.
    მოსწავლეთა უმრავლესობა თითქმის არასოდეს ამოწმებს თავის ცოდნას. შესაბამისად, მათ არ იციან, რამდენად კარგად გაიგეს და ისწავლეს ახალი მასალა, რა იციან და რა - არა; ისინი შეიძლება არასწორად ფიქრობდნენ, რომ რაღაც ისწავლეს. ეს ცოდნის ილუზია ყველა ასაკის მოსწავლეში (მათ შორის უნივერსიტეტის სტუდენტებშიც) შეიძლება დავინახოთ, თუმცა ის ყველაზე ხშირია დაწყებით კლასებში. როგორ შეიძლება დავეხმაროთ მოსწავლეებს გაგების მონიტორინგის სტრატეგიის დაუფლებაში? დაავალეთ მათ, იმუშაონ პატარა ჯგუფებში, რათა შეაფასონ ერთმანეთი, თუ რამდენად კარგად გაიგეს ნასწავლი მასალა. ასწავლეთ საკუთარი თავის შემოწმებაც. საკუთარი თავის შემოწმების ერთ–ერთი ეფექტური ხერხია თვითახსნა: მოსწავლეები მეცადინეობის დროს ხშირად ჩერდებიან და საკუთარ თავს განუმარტავენ, რაც ისწავლეს. მსგავსი ხერხია თვითგამოკითხვა: მოსწავლეები სწავლის დროს პერიოდულად ჩერდებიან და საკუთარ თავს კითხვებს უსვამენ. როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს სწავლის ეფექტური სტრატეგიების დაუფლებაში?
 ექპერტები გვთავაზობენ რამდენიმე პრინციპს:
  • ახალი მასალის ახსნის პარალელურად მიუთითეთ მოსწავლეებს, როგორ ისწავლონ ეს მასალა, ანუ ასწავლეთ კონკრეტული მეტაკოგნიტური სტრატეგიები კონკრეტული საგნის კონტექსტში, რაც გაცილებით ეფექტურია მათთვის;
  • დრო და დრო სთხოვეთ მოსწავლეებს იმეცადინონ და შეაფასონ ერთმანეთი მცირე ჯგუფებში ამ წყვილებში;
 •დაეხმარეთ მოსწავლეებს ახალი სტრატეგიის გამოცდაში, აჩვენეთ გამოყენების კონკრეტული მაგალითი;
  • მიანიშნეთ, როდის არის უმჯობესი მისი გამოყენება, შეაფასეთ სწორად იყენებენ მას მოსწავლეები, თუ - არა, ეცადეთ, რომ გამოყენების პირველი მცდელობა უკვე წარმატებული აღმოჩნდეს, რათა გაზარდოს მოტივაცია და ინტერესი;
   • გააცანით და გამოაყენებინეთ მოსწავლეებს სწავლის სხვადასხვა, მრავალფეროვანი სტრატეგიები;
   • გამოაყენებინეთ ერთი და იგივე სტრატეგია სხვადასხვა კონტექსტში;
 • აუხსენით და დაუსაბუთეთ მოსწავლეებს სწავლის სტრატეგიების ეფექტური გამოყენების სარგებელი;


დისციპლინის პრობლემებთან გამკლავება ქცევის წესები 

ქცევის წესების დარღევევა და დისციპლინის პრობლემები ნაკლებად მოსალოდნელია კლასში, სადაც საქმიანი და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ატმოსფეროა. ამგვარი გარემოს შექმნისთვის კი უნდა გვახსოვდეს, რომ მოსწავლე მეტი ხალისით ემორჩილება მასწავლებელს, რომელიც უყვარს და რომელსაც პატივს სცემს. ამიტომ, უნდა ვიცნობდეთ მოსწავლეებს, მათ მდგომარეობას და ხასიათს, ვეცადოთ, ვაგრძნობინოთ ჩვენი მზრუნველობა.წესებს თბილი ურთიერთობის გარეშე აჯანყებამდე მივყავართ.
     • მოსწავლეს არ სცალია წესების დასარღვევად, როცა იგი საქმითაა დაკავებული. ამიტომ დეტალურად დავგეგმოთ გაკვეთილი და შევეცადოთ, მთელი დრო საინტერესო, მნიშვნელოვანი დავალებებით შევავსოთ;
     • მოსწავლის ქცევაზე დადებითად აისახება, როცა მან იცის, რომ მასწავლებლები თანამშრომლობენ მის მშობლებთან და ოჯახის წევრებთან. ანუ ყველა უფროსი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მის ცხოვრებაში, ერთობლივი ძალებით იღწვის მისივე კეთილდღეობისთვის;
      • მასწავლებლის მაგალითს ხშირად მეტი ძალა აქვს, ვიდრე ათეულობით წესს და მკაცრ მოთხოვნას. წესს, რომელსაც მასწავლებელი თავად ემორჩილება, სამართლიანად და აუცილებლად მიიჩნევენ მოსწავლეებიც.

    მასწავლებელს არ ავიწყდება საყვედურის თქმა, თუ გაკვეთილის განმავლობაში მოსწავლემ ერთხელ მაინც დაარღვია რომელიმე წესი.
მაგალითად, დამოუკიდებელი მუშაობისას გადაულაპარაკა გვერდით მჯდომ მეგობარს. ეს, რა თქმა უნდა, საჭიროა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, იგივე მოსწავლე შევაქოთ, თუ მან შეძლო მთელი გაკვეთილის განმავლობაში არც ერთხელ არ გადაეხვია წინასწარ დადგენილი წესებისათვის. “გამოვიჭიროთ” მოსწავლე კარგი ქცევის მომენტში და არა მარტო წესრიგის დარღვევისას. შექება (ხშირ შემთხვევაში) სტიმულია იმ მოსწავლისთვის, ვინც იგი დაიმსახურა, ამასთან, დანარჩენი კლასის ყურადღებასაც მიაპყრობს პოზიტიურ მაგალითს. მოსწავლის შექებისას, სასურველია, გავითვალისწინოთ რამდენიმე რჩევა:

    • შევაქოთ კონკრეტული ქმედება, კონკრეტული წესის კარგად შესრულება. ზოგადი ფრაზები (მაგ. კარგია, ყოჩაღ) მალე ცვდება და თან მოსწავლისთვის შეიძლება ბუნდოვანი დარჩეს, რისთვის დაიმსახურა ეს შექება. ამიტომ, უმჯობესია, დავაკონკრეტოთ რას ვგულისხმობთ. მაგ. `ანა, შენი წიგნები არაჩვეულებრივად სუფთა და მოწესრიგებულია, ყოჩაღ.

     • დავაჯილდოვოთ მონდომება, მცდელობა და არა შედეგი. თუ ვხედავთ მოსწავლის ქცევაში პროგრესს, თუნდაც იგი მთლიანად ვერ ახერხებდეს ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებას, შევაქოთ იგი და ვაგრძნობინოთ, რომ მისი მცდელობა მხედველობიდან არ გვრჩება;

    • მშობელთან დარეკვას, ან წერილს მასწავლებლები ძირითადად სერიოზული დარღვევების შემთხვევაში მიმართავენ. მაგრამ რატომ არ უნდა შევატყობინოთ მშობლებს მოსწავლის წარმატებები? ბევრი მასწავლებლის დაკვირვებით, ეს ხერხი უაღრესად ეფექტურია მოსწავლეების მოტივაციის გასაძლიერებლად.

     რაც უნდა წარმატებით გამოვიყენოთ პრევენციის ხერხები, ქცევის წესებისა და პროცედურების დარღვევის შემთხვევები კლასში მაინც იქნება. მასწავლებლის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ადრეულ ეტაპზე შენიშნავს იგი დისციპლინის დარღვევის ნიშნებს და რამდენად სწრაფად და უმტკივნეულოდ მოახერხებს მათ აღკვეთას. არის შემთხვევები, როცა დარღვევის იგნორირება გამართლებულია. უნდა გვახსოვდეს, რომ მასწავლებლის რეაგირების შედეგად მთელი კლასის ყურადღება პრობლემურ ქცევაზე გადადის. ჯერ ერთი, ეს აბრკოლებს გაკვეთილის ნორმალურ მიმდინარეობას და მეორეც, წესრიგის დამრღვევს შეიძლება საყოველთაო ყურადღება სასურველადაც მიაჩნდეს. ამ მიზეზების გამო, მასწავლებელმა შეიძლება თვალი აარიდოს დარღვევას, თუ:

   • ეს გამონაკლისი შემთხვევაა, ან გამოწვეულია უჩვეულო გარემო პირობებით (მაგ. სასწავლო წლის ბოლო დღეა, ან მოსწავლეების პირად ცხოვრებაში რამე განსაკუთრებული ხდება და სხვ);

    • ქცევა ბუნებრივია მოსწავლეთა განვითარების მოცემულ საფეხურზე (მაგ. დაწყებითი კლასების მოსწავლეების მოუსვენრობა ხანგრძლივად ერთ ადგილზე ჯდომის შემდეგ);

   • დარღვევა ხელს არ უშლის სასწავლო პროცესს და არ მიიპყრობს მოსწავლეების ყურადღებას (მაგ. გიამ დავალების მიცემის შემდეგ ამოიღო ჩანთიდან ფანქარი, რომელიც წესის მიხედვით თავიდანვე მერხზე უნდა ყოფილიყო). მაშინაც კი, როცა მასწავლებელი ჩარევას საჭიროდ ჩათვლის, უნდა ვეცადოთ, წესრიგის დამრღვევი, რამდენადაც შესაძლებელია, შეუმჩნევლად დავუბრუნოთ სამუშაოს. როცა ამგვარი ტაქტიანი მცდელობა უშედეგოა, მასწავლებელი იძულებულია, სხვა ზომებს მიმართოს. წლის დასაწყისში წესების შემუშავებისთანავე უნდა განისაზღვროს, რა სახის დარღვევას რა რეაგირება მოჰყვება. აუცილებელია, რომ მოსწავლეთა უმრავლესობა ყველა ამ ზომას არასასიამოვნოდ, მაგრამ სამართლიანად და დარღვევის შესაფერისად მიიჩნევდეს. ხშირ შემთხვევაში ჩამონათვალი 3-დან 7-მდე სხვადასხვა ღონისძიებას მოიცავს.

ქვემოთ მოყვანილია ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება დალაგდეს დისციპლინის დარღვევისთვის გათვალისწინებული ზომები ნაკლებ სერიოზულიდან უფრო სერიოზულამდე:
    1. სიტყვიერი შეხსენება, რომ უკვე განხილული და შეთანხმებული წესებიდან ერთ-ერთი ირღვევა;
   2. გაკვეთილების შემდეგ 20 წუთით დატოვება (მშობელი საქმის კურსში უნდა იყოს);
    3. სატელეფონო ზარი მშობლებთან;
    4. მოსწავლის გაგზავნა დირექტორთან, ან დირექტორის მოადგილესთან.

 იმისთვის, რომ წინასწარ შემუშავებულმა ზომებმა შედეგი გამოიღოს, მასწავლებელი უთუოდ ბოლომდე თანმიმდევრული უნდა იყოს. თუ დადგენილი წესი დაირღვა, ამას რეაგირება უნდა მოჰყვეს იმისდა მიუხედავად, ვინ ჩაიდინა ეს, ან რამდენად მნიშვნელოვანი საქმით ვიყავით დაკავებული, როცა ეს მოხდა. თუნდაც ერთი გამონაკლისის დაშვება უაღრესად სახიფათო პრეცენდენტს ქმნის. ამიტომაც ექსპერტები გვირჩევენ, რომ არ შემოვიღოთ წესი, თუ არა ვართ მზად იგი ყოველთვის, ყველა პირობებში დავიცვათ. ეს სიმტკიცე და თანმიმდევრულობა უთუოდ უნდა შეერწყას მოსწავლისადმი ტაქტიან, მზრუნველ დამოკიდებულებას. უპირველეს ყოვლისა, უნდა გვახსოვდეს, რომ კლასთან ურთიერთობაში მასწავლებლის მთავარი იარაღი სიმშვიდეა. აღელვებულ მასწავლებელს გაუჭირდება, გამოიყენოს მთელი თავისი სიბრძნე, გამოცდილება და სოციალური უნარ-ჩვევები პრობლემის გადაჭრისთვის. ამასთან, ემოცია გადამდებია. მასწავლებლის რისხვამ შეიძლება აგრესია გამოიწვიოს მოსწავლეებში, ან პირიქით, გაართოს ისინი (ძირითადად უფროსი კლასების მოსწავლეების შემთხვევაში). ამიტომ, სასურველია, გავითვალისწინოთ რამდენიმე რჩევა: 

     • არც ერთ პრობლემურ სიტუაციაში არ უნდა გადავცდეთ ტაქტის და თავაზიანობის საზღვრებს. თუ შესაძლებელია, უმჯობესია სერიოზული შენიშვნა მოსწავლეს პირადი საუბრისას, და არა მთელი კლასის წინაშე მივცეთ

   • ყველა შენიშვნა უნდა ეხებოდეს კონკრეტულ საქციელს, მოქმედებას და არა მოსწავლის პიროვნებას. მაშინ იგი ნაკლებად შეურაცხმყოფელია და ნაკლებ აგრესიასაც იწვევს მოსწავლის მხრიდან;

  • ყველა შენიშვნა უნდა იყოს კონკრეტული და ლაკონური; მოვერიდოთ მოსწავლესთან დებატებში შესვლას ამა თუ იმ საქციელის თაობაზე. დარღვევის მომენტში ჩვენი პრიორიტეტი უნდა იყოს ნორმალური სასწავლო პროცესის რაც შეიძლება სწრაფად აღდგენა. საქციელის დეტალური განხილვისთვის სხვა, უფრო შესაფერისი დრო შეიძლება შევარჩიოთ, როცა ორივე მხარე შეძლებს დაწყნარებულად მსჯელობას;

  • შევეცადოთ, დავივიწყოთ დაძაბულობის შესახებ, როგორც კი მოსწავლე დაემორჩილება ჩვენს მოთხოვნას. მადლობა გადავუხადოთ მას სწრაფი რეაგირებისთვის და ვაგრძნობინოთ, რომ სწორედ ამგვარ საქციელს ველით მისგან მომავალშიც. კლასის მართვის თვალსაზრისით, მასწავლებლის გამარჯვება არის არა მოსწავლის დამორჩილება, არამედ ის, რომ მოსწავლე სწავლობს ახალ, უფრო სწორ, კლასისთვის შესაფერ და სოციალურად გამართლებულ ქცევას.


 პროცედურები

 პროცედურა შეიძლება განვსაზღვროთ, როგორც არაფორმალური წესი, რომელიც გულისხმობს, თუ კონკრეტულად რა და როგორ უნდა გაკეთდეს. პროცედურების ერთობლიობა აყალიბებს გაკვეთილის სტრუქტურას. დადგენილი პროცედურების განხორციელება სისტემატური, რუტინული, ყოველდღიური უნდა გახდეს, ანუ მოსწავლე მათ უნდა ასრულებდეს ჩვევის დონეზე, მექნიკურად. მაგალითად, თუ გვინდა პრაქტიკულად განხორციელდეს წესი “ზარის დარეკვისას ყველა და ყველაფერი მზად უნდა იყოს გაკვეთილისთვის“, მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რა ნივთები დასჭირდებათ (მაგ. ფანქარი, ფარგალი), უნდა შევაჩვიოთ ისინი, რომ საკლასო ოთახში შემოსვლისთანავე მერხზე დაალაგონ ეს ნივთები, შეინახონ ჩანთა გაკვეთილის განმავლობაში და ა.შ. მაშასადამე, რუტინა არის ხშირი გამეორებით დასწავლილი ქმედება გამოცდილ მასწავლებლებს შემუშავებული აქვთ ამგვარი რუტინა ყველა სტანდარტული სიტუაციისთვის (მაგალითად, გაკვეთილის დაწყება, დამთავრება, დავალების რვეულების აკრება, გარეთ გასვლის თხოვნა) და სწავლის დაწყებიდან პირველ ორ კვირას მაინც დიდ დროს უთმობენ ამ პროცედურების ყველა მოსწავლისათვის სწავლებას, სანამ ეს ცოდნა მექანიკურ ჩვევაში არ გადავა. საწინააღმდეგო შემთხვევაში, ერთსა და იმავე საორგანიზაციო საკითხზე საუბარი და შენიშვნების მიცემა მათ მთელი წლის განმავლობაში უხდებათ, რასაც გაცილებით მეტი დრო მიაქვს. რაც უფრო მაღალ კლასში არიან მოსწავლეები, მით ნაკლებ დროს უთმობენ მასწავლებლები პროცედურებზე მუშაობას, რადგან ითვლება, რომ მათი ძირითადი ნაწილი მოსწავლეებისთვის უკვე დაწყებითი კლასებიდანაა ცნობილი. თუმცა არც ერთ ეტაპზე არ შეიძლება მათი სრული უგულვებელყოფა, მითუმეტეს, რომ მაღალ კლასებში ჩნდება სრულიად ახალი პროცედურების დაუფლების აუცილებლობა (მაგალითად, ქიმიის ლაბორატორიაში ცდების ჩატარებისთვის საჭირო უსაფრთხოების ზომები). როგორც ქცევის წესების შემუშავებისას, ისე მათი დაცვისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვისა და გატარების დროს გადამწყვეტი ფაქტორია, თუ განვითარების რა საფეხურზე იმყოფებიან მოსწავლეები.სწორედ მათი ასაკობრივი მახასიათებლებიდან გამომდინარე გადაწყვეტს მასწავლებელი, რა ფორმით უნდა ჩამოყალიბდეს წესები და რა სტრატეგიები უფრო შედეგიანი იქნება მათი დაცვისათვის.


 საკლასოს დისციპლინის დანერგვის სტრატეგიები 

 როგორ შეგიძლიათ დაამკვიდროთ კლასში კარგი დისციპლინა?
ქვემოთ წარმოდგენილი რეკომენდაციები დაგეხმარებათ ამ მიზნის მიღწევაში.

 • აუცილებელია, რომ საკლასო ოთახში დამკვიდრებული წესები შესაბამისობაში იყოს სკოლის შინაგანაწესთან.

 • საკლასო ოთახში ქცევის წესები შეიმუშავეთ მოსწავლეებთან ერთად, წესების განხორციელებისას გამოიჩინეთ სიმტკიცე და თანმიმდევრულობა.

 • კარგად უნდა იცნობდეთ თქვენს მოსწავლეებს და ცდილობდეთ მათთან კარგი ურთიერთობის დამყარებას.

 • სასწავლო გარემო და სასწავლო პროცესი უნდა წარმართოთ ენთუზიაზმით და პროფესიონალურად. გაკვეთილის დაგეგმვისას მუდამ გქონდეთ სარეზერვო/დამატებითი რესურსები იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც დროზე ადრე დაასრულებენ მათთვის მიცემულ დავალებას.

 • შექმენით ინკლუზიური გარემო. მოსწავლეთა იზოლირება, მათი საჭიროებების უგულებელყოფა შეიძლება გახდეს მათი გაუცხოების მიზეზი.

• მოსწავლეებს მიეცით წარმატების მიღწევის შანსი. მოსწავლეები, რომლებსაც მაღალი თვითშეფასება აქვთ და დარწმუნებულნი არიან საკუთარ შესაძლებლობებში, უფრო წარმატებულები არიან.

• მოსწავლეებს მიეცით საშუალება, საკუთარ თავზე აიღონ პასუხისმგებლობა. მიეცით მათ მეტი შესაძლებლობა გამოამჟღავნონ პასუხისმგებლობა როგორც სკოლაში, ისე სკოლის გარეთაც ( მაგ., საზოგადოებრივ პროექტებზე მუშაობა, დასწრების ფურცლის შევსება მასწავლებლისათვის).

 • არ დატოვოთ უყურადღებოდ ისინი, ვინც ითხოვს თქვენს ყურადღებას! მაშინაც კი, როდესაც მოსწავლე თქვენი ყურადღების მიქცევას ცდილობს ცუდი ქცევით, შეეცადეთ მისცეთ მას დავალება, სთხოვეთ ცარცის მოტანა, დაუსვით კითხვა, სთხოვეთ აზრის გამოთქმა მისთვის ნაცნობ თემაზე.

 • იყავით მაგალითი მოსწავლეებისთვის. ბავშვები ყოველთვის ბაძავენ უფროსებს. ისინი ახდენენ მათგან მანერების, ხმის ტემბრის, საუბრის მანერისა და ქმედებების კოპირებას. ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია, თქვენ თვითონ მოიქცეთ ისე, როგორც გინდათ, რომ მოიქცეს მოსწავლე. კარგი მაგალითი არის მეტად მნიშვნელოვანი სწავლების პროცესში.

• ესაუბრეთ პატივისცემით. შეუძლებელია მოსწავლესთან ეფექტიანი კომუნიკაციის დამყარება შორ მანძილზე, დისტანცირებულად. საჭიროა მოსწავლესთან ინტენსიური საუბარი, თვალით კონტაქტი. არა ერთი მასწავლებლის პრაქტიკამ აჩვენა, რომ ხუთწუთიანი საუბარი „პრობლემურ“ მოსწავლესთან ისეთ თემებზე, რომლებიც აინტერესებს ორივეს, მასწავლებელსაც და მოსწავლესაც, იწვევს ამ უკანასკნელში პოზიტიურ ცვლილებებს.

 • უთხარით მათ, რა გინდათ. ბავშვები უკეთ რეაგირებენ მაშინ, როცა ეუბნებიან რა უნდა გააკეთონ, ვიდრე მაშინ, როცა ეუბნებიან რა არ უნდა გააკეთონ; მაგალითად, ნაცვლად იმისა, რომ უთხრათ: „ნუ ურტყამ ფეხებს მერხს“ , უთხარით მას „გთხოვ, ფეხები იატაკზე დააწყვე“.

 • მიეცით არჩევანის გაკეთების საშუალება. არჩევანის გაკეთების უფლება აღძრავს მათში დამოუკიდებლობის განცდას და ეხმარება მათ გადაწყვეტილების მიღებაში. შეთავაზებული არჩევანი არ უნდა სცდებოდეს მისაღებ ფარგლებს და უნდა ითვალისწინებდეს ბავშვის ასაკობრივ თავისებურებებს. ასაკის მატებასთან ერთად, მოსწავლეებს შეიძლება შესთავაზოთ უფრო ფართო არჩევანი და დავაკისროთ ამ არჩევანის შედეგებზე პასუხისმგებლობის აღება.

 • უხმო სიგნალი.

 გამოცდილი მასწავლებლები წესრიგის დარღვევას უმკლავდებიან სასწავლო პროცესის შეფერხების გარეშე. ამ მიზნით ეფექტიანია არავერბალური კომუნიკაციის გამოყენება. ეფექტიანია აგრეთვე შემდეგი აქტივობები:
  • ანიშნეთ თქვენს საათზე (როცა მოსწავლე აცდენს დროს)
  • შეეხეთ თქვენს ყურს (როცა მოსწავლე არ გისმენთ)
  • მიანიშნეთ ტუჩებზე (როცა მოსწავლე სხვის ნაცვლად, ან უნებართვოდ საუბრობს)
  • აიღეთ ფანქარი (როცა მოსწავლე უნდა წერდეს)
  •  აიღეთ წიგნი (როცა მოსწავლე უნდა კითხულობდეს)
  •  შეხედეთ მოსწავლეს (გამოიყენეთ თვალით კონტაქტი)
  • ახლოს ჩაუარეთ მოსწავლეს (თუ ის სხვა საქმით გაერთო)
  • შეეხეთ მოსწავლის მერხს ან მის მხარს (როდესაც გსურთ მიიპყროთ მისი ყურადღება)
  • სთხოვეთ მოსწავლეს, გასცეს პასუხი დასმულ შეკითხვას (რომ კვლავ ჩართოთ გაკვეთილში)
  • გაესაუბრეთ მოსწავლეს გაკვეთილის შემდეგ
  • გადასვით მოსწავლე სხვა მერხთან

 კლასში ქცევის წესების ცოდნა და მათი დაცვა მოსწავლეს ეხმარება სწრაფად და ნაყოფიერად დაიწყოს სასკოლო დღე. ბავშვები უნდა ეთანხმებოდნენ აღნიშნულ წესებს, იცავდნენ მათ, ამასთან მნიშნელოვანია, რომ მათ თავად შეადგინონ ისინი. მაგალითად, მოსწავლეთა ჯგუფს ან კომიტეტს შეიძლება დაევალოს დასწრების ჟურნალის ტარება და მასწავლებლისათვის გაცდენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. მოსწავლეებთან ყოველდღიური წესების დაცვისას მნიშნელოვანია, მასწავლებელმა განმარტოს და მიიღოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს, რა არის გასაკეთებელი, როდის უნდა გაკეთდეს და რატომ არინ მნიშვნელოვანი ყოველივე ამის განხორციელება ყოველდღიურად. მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ:

 • როგორ უნდა ხდებოდეს წიგნებისა და სხვა სასწავლო მასალების განაწილება, შეგროვება, შენახვა? ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ საქმიანობაზე (შესაძლებელია ამ პასუხისმგებლობის გადანაწილება მოსწავლეებზე - როგორც გოგონებზე, ისე ბიჭებზე);

• როგორ შეიძლება მოსწავლეები დაეხმარონ ერთმანეთს მასწავლებლის არყოფნის შემთხვევაში;

 • რა უნდა გააკეთონ დავალების დროზე ადრე დასრულების შემთხვევაში;

• როგორ მიიქციონ მასწავლებლის ყურადღება ისე, რომ ხელი არ შეუშალონ საგაკვეთილო პროცესს;

• როგორი ხმაური არის მისაღები;

 • როგორ უნდა იმოძრაონ კლასში ისე, რომ ხელი არ შეუშალონ საგაკვეთილო პროცესს;

• როგორ უნდა დატოვონ საკლასო ოთახი;

 • რა ტიპის დამატებითი სამუშაო უნდა შეასრულოს მან, ვინც შეიძლება დაიგვიანოს ან, პირიქით, ადრე მოვიდეს. საკლასო წესების შემუშავება ქვემოთ განხილულია საკლასო წესების შემუშავების სტრატეგიები:

• სთხოვეთ მოსწავლეებს ჩამოთვალონ ქცევისა და მუშაობის წესები, რომლებიც შემუშავებული აქვთ კლასში და თუ არ აქვთ ასეთი ჩამონათვალი, ჩამოაყალიბონ „ოქროს წესები“ საკლასო ოთახში ქცევის შესახებ.

• თუ მოსწავლეებს 5-ზე მეტი წესი აღმოაჩნდებათ, სთხოვეთ მას, აარჩიონ მათგან 5 ყველაზე მნიშნელოვანი წესი.

• სთხოვეთ მოსწავლეეებს იმსჯელონ, დაფაზე ჩამოწერილი წესებიდან რომელია უარყოფითი და რომელი დადებითი (მაგ.: შეწყვიტე სირბილი - უარყოფითია, ნელა გაიარე დადებითი).

• ჰკითხეთ მოსწავლეებს, შეუძლიათ თუ არა, უარყოფითი წესები შეცვალონ დადებითით. სთხოვეთ, მოიფიქრონ დადებითი ფორმულირებები.

  ადაპტირებულია STEM-ის სატრენინგო მასალებიდან

Comments

Popular posts from this blog

რა არის ბრეინშტორმინგი?