საკლასო დისციპლინის დანერგვის სტრატეგიები

როგორ შეგიძლიათ დაამკვიდროთ კლასში კარგი დისციპლინა?

  რეკომენდაციები, რომლებიც დაგეხმარებათ ამ მიზნის მიღწევაში.
 • აუცილებელია, რომ საკლასო ოთახში დამკვიდრებული წესები შესაბამისობაში იყოს სკოლის შინაგანაწესთან.
საკლასო ოთახში ქცევის წესები შეიმუშავეთ მოსწავლეებთან ერთად, წესების განხორციელებისას გამოიჩინეთ სიმტკიცე და თანმიმდევრულობა.
 • კარგად უნდა იცნობდეთ თქვენს მოსწავლეებს და ცდილობდეთ მათთან კარგი ურთიერთობის დამყარებას.
 • სასწავლო გარემო და სასწავლო პროცესი უნდა წარმართოთ ენთუზიაზმით და პროფესიონალურად. გაკვეთილის დაგეგმვისას მუდამ გქონდეთ სარეზერვო/დამატებითი რესურსები იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც დროზე ადრე დაასრულებენ მათთვის მიცემულ დავალებას.
 • შექმენით ინკლუზიური გარემო. მოსწავლეთა იზოლირება, მათი საჭიროებების უგულებელყოფა შეიძლება გახდეს მათი გაუცხოების მიზეზი.
 • მოსწავლეებს მიეცით წარმატების მიღწევის შანსი. მოსწავლეები, რომლებსაც მაღალი თვითშეფასება აქვთ და დარწმუნებულნი არიან საკუთარ შესაძლებლობებში, უფრო წარმატებულები არიან.
მოსწავლეებს მიეცით საშუალება, საკუთარ თავზე აიღონ პასუხისმგებლობა. მიეცით მათ მეტი შესაძლებლობა გამოამჟღავნონ პასუხისმგებლობა როგორც სკოლაში, ისე სკოლის გარეთაც ( მაგ., საზოგადოებრივ პროექტებზე მუშაობა, დასწრების ფურცლის შევსება მასწავლებლისათვის).
 • არ დატოვოთ უყურადღებოდ ისინი, ვინც ითხოვს თქვენს ყურადღებას! მაშინაც კი, როდესაც მოსწავლე თქვენი ყურადღების მიქცევას ცდილობს ცუდი ქცევით, შეეცადეთ მისცეთ მას დავალება, სთხოვეთ ცარცის მოტანა, დაუსვით კითხვა, სთხოვეთ აზრის გამოთქმა მისთვის ნაცნობ თემაზე.
 • იყავით მაგალითი მოსწავლეებისთვის. ბავშვები ყოველთვის ბაძავენ უფროსებს. ისინი ახდენენ მათგან მანერების, ხმის ტემბრის, საუბრის მანერისა და ქმედებების კოპირებას. ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია, თქვენ თვითონ მოიქცეთ ისე, როგორც გინდათ, რომ მოიქცეს მოსწავლე. კარგი მაგალითი არის მეტად მნიშვნელოვანი სწავლების პროცესში.
ესაუბრეთ პატივისცემით. შეუძლებელია მოსწავლესთან ეფექტიანი კომუნიკაციის დამყარება შორ მანძილზე, დისტანცირებულად. საჭიროა მოსწავლესთან ინტენსიური საუბარი, თვალით კონტაქტი. არა ერთი მასწავლებლის პრაქტიკამ აჩვენა, რომ ხუთწუთიანი საუბარი „პრობლემურ“ მოსწავლესთან ისეთ თემებზე, რომლებიც აინტერესებს ორივეს, მასწავლებელსაც და მოსწავლესაც, იწვევს ამ უკანასკნელში პოზიტიურ ცვლილებებს.
 • უთხარით მათ, რა გინდათ. ბავშვები უკეთ რეაგირებენ მაშინ, როცა ეუბნებიან რა უნდა გააკეთონ, ვიდრე მაშინ, როცა ეუბნებიან რა არ უნდა გააკეთონ; მაგალითად, ნაცვლად იმისა, რომ უთხრათ: „ნუ ურტყამ ფეხებს მერხს“ , უთხარით მას „გთხოვ, ფეხები იატაკზე დააწყვე“.
მიეცით არჩევანის გაკეთების საშუალება. არჩევანის გაკეთების უფლება აღძრავს მათში დამოუკიდებლობის განცდას და ეხმარება მათ გადაწყვეტილების მიღებაში. შეთავაზებული არჩევანი არ უნდა სცდებოდეს მისაღებ ფარგლებს და უნდა ითვალისწინებდეს ბავშვის ასაკობრივ თავისებურებებს. ასაკის მატებასთან ერთად, მოსწავლეებს შეიძლება შესთავაზოთ უფრო ფართო არჩევანი და დავაკისროთ ამ არჩევანის შედეგებზე პასუხისმგებლობის აღება.
 • უხმო სიგნალი. გამოცდილი მასწავლებლები წესრიგის დარღვევას უმკლავდებიან სასწავლო პროცესის შეფერხების გარეშე. ამ მიზნით ეფექტიანია არავერბალური კომუნიკაციის გამოყენება.

 ეფექტიანია აგრეთვე შემდეგი აქტივობები:
  •  ანიშნეთ თქვენს საათზე (როცა მოსწავლე აცდენს დროს)
  •  შეეხეთ თქვენს ყურს (როცა მოსწავლე არ გისმენთ) 
  •  მიანიშნეთ ტუჩებზე (როცა მოსწავლე სხვის ნაცვლად, ან უნებართვოდ საუბრობს) 
  •  აიღეთ ფანქარი (როცა მოსწავლე უნდა წერდეს) 
  •  აიღეთ წიგნი (როცა მოსწავლე უნდა კითხულობდეს) 
  •  შეხედეთ მოსწავლეს (გამოიყენეთ თვალით კონტაქტი)
  •  ახლოს ჩაუარეთ მოსწავლეს (თუ ის სხვა საქმით გაერთო) 
  • შეეხეთ მოსწავლის მერხს ან მის მხარს (როდესაც გსურთ მიიპყროთ მისი ყურადღება)
  • სთხოვეთ მოსწავლეს, გასცეს პასუხი დასმულ შეკითხვას (რომ კვლავ ჩართოთ გაკვეთილში) 
  •  გაესაუბრეთ მოსწავლეს გაკვეთილის შემდეგ 
  •  გადასვით მოსწავლე სხვა მერხთან კლასში ქცევის წესების ცოდნა და მათი დაცვა მოსწავლეს ეხმარება სწრაფად და ნაყოფიერად დაიწყოს სასკოლო დღე. ბავშვები უნდა ეთანხმებოდნენ აღნიშნულ წესებს, იცავდნენ მათ, ამასთან მნიშნელოვანია, რომ მათ თავად შეადგინონ ისინი. მაგალითად, მოსწავლეთა ჯგუფს ან კომიტეტს შეიძლება დაევალოს დასწრების ჟურნალის ტარება და მასწავლებლისათვის გაცდენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
 მოსწავლეებთან ყოველდღიური წესების დაცვისას მნიშნელოვანია, მასწავლებელმა განმარტოს და მიიღოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს, რა არის გასაკეთებელი, როდის უნდა გაკეთდეს და რატომ არინ მნიშვნელოვანი ყოველივე ამის განხორციელება ყოველდღიურად.

 მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ:

•როგორ უნდა ხდებოდეს წიგნებისა და სხვა სასწავლო მასალების განაწილება, შეგროვება, შენახვა? ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ საქმიანობაზე (შესაძლებელია ამ პასუხისმგებლობის გადანაწილება მოსწავლეებზე - როგორც გოგონებზე, ისე ბიჭებზე); •როგორ შეიძლება მოსწავლეები დაეხმარონ ერთმანეთს მასწავლებლის არყოფნის შემთხვევაში;
• რა უნდა გააკეთონ დავალების დროზე ადრე დასრულების შემთხვევაში;
•როგორ მიიქციონ მასწავლებლის ყურადღება ისე, რომ ხელი არ შეუშალონ საგაკვეთილო პროცესს;
 • როგორი ხმაური არის მისაღები;
 • როგორ უნდა იმოძრაონ კლასში ისე, რომ ხელი არ შეუშალონ საგაკვეთილო პროცესს;
 • როგორ უნდა დატოვონ საკლასო ოთახი;
 • რა ტიპის დამატებითი სამუშაო უნდა შეასრულოს მან, ვინც შეიძლება დაიგვიანოს ან, პირიქით, ადრე მოვიდეს.

 საკლასო წესების შემუშავების სტრატეგიები:

 • სთხოვეთ მოსწავლეებს ჩამოთვალონ ქცევისა და მუშაობის წესები, რომლებიც შემუშავებული აქვთ კლასში და თუ არ აქვთ ასეთი ჩამონათვალი, ჩამოაყალიბონ „ოქროს წესები“ საკლასო ოთახში ქცევის შესახებ.
 • თუ მოსწავლეებს 5-ზე მეტი წესი აღმოაჩნდებათ, სთხოვეთ მას, აარჩიონ მათგან 5 ყველაზე მნიშნელოვანი წესი.
 •სთხოვეთ მოსწავლეეებს იმსჯელონ, დაფაზე ჩამოწერილი წესებიდან რომელია უარყოფითი და რომელი დადებითი (მაგ.: შეწყვიტე სირბილი - უარყოფითია, ნელა გაიარე დადებითი).
•ჰკითხეთ მოსწავლეებს, შეუძლიათ თუ არა, უარყოფითი წესები შეცვალონ დადებითით. სთხოვეთ, მოიფიქრონ დადებითი ფორმულირებები.

(STEM-ის  მასალებიდან)

Comments

Popular posts from this blog

რა არის ბრეინშტორმინგი?