შებრუნებული საკლასო ოთახი

შებრუნებული საკლასო ოთახი არის პედაგოგიური მოდელი, რომელშიც ტრადი­ციული ინსტრუქტაჟის და საშინაო დავალების ელემენტები ადგილებს იცვლის. ამ მოდელის გამოყენების ყველაზე გავრცელებული ვარიანტია, როდესაც საკლასო სესიამდე მოსწავლეები სახლში უყურებენ მოკლე ვიდეომასალას. საკლასო დრო ძირითადად ეთმობა სავარჯიშოებს, პროექტებს ან დისკუსიებს. ვიდეომასალა განიხილება, როგორც შებრუნებული მიდგომის საკვანძო შემადგენელი ნაწილი. ეს მასალა იქმნება ან თვით მასწავლებლის მიერ და ეგზავნება მოსწავლეებს (ან განთავსდება ონლაინ), ან მისი შერჩევა ხდება უკვე ონლაინ არსებული ვიდეო­მასალებიდან.

შებრუნებული საკლასო ოთახის ცნება უკავშირდება ისეთ ცნებებს, როგორებიცაა აქტიური სწავლება, მოსწავლეთა ჩართულობა, კურსის ჰიბრიდული დიზაინი და ა.შ. შებრუნებული საკლასო ოთახის მთავარი არსი არის საკლასო აქტივობების გარდაქმნა სამუშაო შეხვედრებად, რომლებზედაც მოსწავლეებს შეუძლიათ კითხვები დასვან სასწავლო მასალის ირგვლივ, შეამოწმონ საკუთარი უნარები / ცოდნა, ითანამ­შრომლონ ერთმანეთთან და მოახდინონ ახალი ცოდნის კონსტრუირება. საკლასო სესიების განმავლობაში მასწავლებელი მოქმედებს როგორც წარმმართველი ან მრჩეველი, რომელიც ახალისებს მოსწავლეებს როგორც ინდივიდუალური ასევე ჯგუფური კვლევის პროცესში.
შებრუნებული საკლასო ოთახისათვის არ არსებობს მხოლოდ ერთი განსაზღვრული მოდელი. ეს ტერმინი გამოიყენება თითქმის ყველა ისეთ შემთხვევაში, როდესაც საქმე გვაქვს წინასწარ გამზადებულ სასწავლო ვიდეომასალასთან, რომელსაც მოსდევს საკლასო აქტივობა. მაგალითისათვის, ერთი საკმაოდ გავრცელებული მოდელი გულისხმობს იმას, რომ მოსწავლეები უყურებენ რამოდენიმე მოკლე ვიდეოს, რომელთა ხანგრძლივობებია 5 – 7 წუთი. მასში შეიძლება ჩართული იყოს ელექტრონული ქვიზები და აქტივობები იმისათვის რომ პარალელურად შემოწმდეს მოსწავლის ცოდნა. ქვიზის შედეგად მიღებული მყისიერი უკუკავშირი და ვიდეო­მასალის ხელმეორედ გაშვების შესაძლებლობა მოსწავლეებს ეხმარება საკითხის უკეთ გააზრებაში და გაურკვევლობების აღმოფხვრაში. მასწავლებელს შეუძლია საკლასო დისკუსიების წარმართვა, ასევე საკლასო ოთახის გადაქცევა ისეთ სამუშაო სტუდიად, სადაც მოსწავლეები ქმნიან, თანამშრომლობენ და პრაქტიკაში ნერგავენ იმას რაც მათ გაიგეს ვიდეომასალიდან, რომელსაც მათ საკლასო ოთახის გარეთ უყურეს. როგორც ადგილზე მყოფი ექსპერტი, მასწავლებელი იძლევა რჩევებს, ეხმარება შინაარსის უკეთ გააზრებაში და აკვირდება პროგრესს. მას შეუძლია მოსწავლეების ორგანიზება ჯგუფებად, რომლებიც იმუშავებენ პრობლემების გადაჭრაზე ურთიერთდახმარების ფორმატში. რადგან ამ მიდგომის დროს ხდება კლასის დინამიკის მნიშვნელოვანი ცვლილება, ზოგიერთი მასწავლებელი ამჯობინებს გამოიყენოს შებრუნებული საკლასო ოთახის მხოლოდ რამოდენიმე ელემენტი ან მოახდინოს მთლიანი საკლასო სესიის მხოლოდ რამოდენიმე ნაწილის შებრუნება.
უნდა აღინიშნოს, რომ უმაღლესი განათლების კურსებში სულ უფრო და უფრო გავრცელებული ხდება შებრუნებული საკლასო ოთახის მოდელის გამოყენება. განსა­კუთრებით ეფექტიანია ამ მოდელის გამოყენება ციფრულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ სასწავლო კურსებში. ამ დროს სტუდენტს შეუძლია თვითონ მოირგოს სწავლის ტემპი და ხანგრძლივობა, გამოტოვოს ზოგიერთი საფეხური, რომელიც მისთვის ნაცნობია ან რამოდენიმეჯერ გაიმეოროს საჭირო მასალა.
ამის შემდეგ სტუდენტები თითქმის მზად არიან გამოიყენონ პროგრამული უზრუნველყოფა და სხვა სტუდენტებთან ერთად იმუშაონ პროექტებზე. მაგალითად, ჰარვარდის უნივერსიტეტში ფიზიკის ერთი პროფესორი არა მხოლოდ იყენებს შებრუნებულ მოდელს, არამედ მან შექმნა საიტი (Learning Catalytics) რომელზეც განთავსებულია ინტერაქტიული პროგრამული უზრუნველყოფა. მისი საშუალებით სტუდენტებს შეუძლიათ გამართონ დისკუსია, ითანამშრომლონ და მიიღონ უკუ­კავშირი.
ტრადიციული ლექციის დროს, მოსწავლე ცდილობს უცბად აღიქვას მასალა, რომელსაც მასწავლებელი გადმოსცემს. მას არ შეუძლია გააკეთოს პაუზა და იფიქროს ნათქვამის შესახებ, რადგან ამ დროს შეიძლება გამოტოვოს სხვა ასევე მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ამის საპირისპიროდ, ვიდეოს ან სხვა წინასწარ მომზადებული ჩანაწერის გამოყენება სასწავლო პროცესს მოაქცევს მოსწავლის კონტროლის ქვეშ. მათ შეუძლიათ უყურონ, გადაახვიონ ან შეანელონ მსვლელობა საჭიროების მიხედვით. ეს მიდგომა ასევე სასარგებლოა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეების შემთხვე­ვაში. მაგალითად, სმენადაქვეითებული მოსწავლისათვის მოხერხებულია ისეთი ვიდეომასალის გამოყენება, რომელსაც თან ახლავს ტიტრები.
გარდა ამისა, როდესაც საკლასო დრო ეთმობა მიღებული ცოდნის გამოყენებას, ეს მასწავლებელს საშუალებას აძლევს უკეთ აღმოაჩინოს შეცდომები და მოსწავლეების მცდარი წარმოდგენები. განსაკუთრებით ის ხარვეზები, რომლებიც კლასში გავრცე­ლებულია. ამავე დროს თანამშრომლობითი პროექტები ხელს უწყობს სოციალურ ინტერაქციას მოსწავლეებს შორის რაც მათ უადვილებს ერთმანეთისაგან სწავლას.
შებრუნებული საკლასო ოთახის მოდელის გამოყენების დროს აუცილებელია გულმოდგინე და ფრთხილი მომზდება. სასწავლო ვიდეომასალის ჩაწერა მოითხოვს დიდ დროს და ძალისხმევას. საჭიროა კლასგარეშე და საკლასო კომპონენტების ინტეგრირება იმისათვის რომ მოსწავლეებმა სწორად გაიგონ მოდელის არსი და გაუჩნდეთ მოტივაცია კლასგარეშე მასალის შესასწავლად. აქედან გამომდინარე, კლასის შებრუნება მოითხოვს დამატებით უნარებს და შრომას მასწავლებლის მხრიდან. ამ სირთულეების შემცირება შესაძლებელია მოდელის აუჩქარებლად და ეტაპობრივად შემოტანით.
ასევე ცნობილია, რომ მოსწავლეები ზოგჯერ გამოთქვამენ უკმაყოფილებას მასწავ­ლებელთან პირისპირ ურთიერთობის ნაკლებობის გამო, ახალი მასალის გაცნობის პროცესში. ხშირად მათთვის გაუგებარია თუ რამდენად ღირებულია სასწავლო მასალა, რომელიც ყველასათვის ხელმისაწვდომია ინტერნეტში. მოსწავლის აზრით, ამ დროს სწავლის პროცესი დაიყვანება მხოლოდ ინტერნეტში ნავიგაციაზე. როდესაც მოსწავლის აზრით სწავლის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის გაკვეთილზე ჯდომა და მასწავლებლის მოსმენა, იგი შეიძლება არასერიოზულად მოეკიდოს სწავლის იმ ნაწილს, რომელიც მოიცავს შებრუნებულ საკლასო ოთახს და გააცდინოს ეს გაკვეთილები. ბოლოს, ასევე ხშირად ხდება რომ მიუხედავად იმისა რომ მოსწავლე სწორად აფასებს ამ მიდგომის მნიშვნელობას, მისი ტექნიკური აღჭურვილობა არ აძლევს საშუალებას სრულყოფილად გამოიყენოს ყველა საჭირო მასალა.
ამ მოდელის პოპულარიზაციასთან ერთად, ხდება ახალი საშუალებების განვითარება, რომლებიც ხელს უწყობს მოდელის რეალიზაციას. კერძოდ, მძლავრი მობილური მოწყობილობების განვითარება იძლევა მდიდარი და ეფექტური სასწავლო რესურსების შექმნისა და გამოყენების შესაძლებლობებს. მოსწავლეს შეუძლია ამ მოწყობილობების გამოყენება მისთვის ხელსაყრელ დროს და ადგილას. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ შესაძლებელია შებრუნებული მოდელის ელემენტების გამოყენება უკვე არსებულ ტრადიციულ სასწავლო კურსებში. ვიდეოპრეზენტაციები და სხვა მასალის გამოყენება შესაძლებელია პროექტზე დაფუძნებული სასწავლო პროცესის დროს. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს შებრუნებული მოდელის ის მხარე, რომელიც დაკავშირებულია თანამშრომლობითი სწავლის ხელშეწყობასთან, რაც თავის მხრივ ასევე აუცილებელია ტრადიციული მიდგომების დროს.
შებრუნებული მოდელი გულისხმობს მასწავლებლის როლის ცვლილებას, რომელმაც უნდა დათმოს თავისი ტრადიციული, კლასის წინაშე მყოფის პოზიცია, თანამ­შრომლობითი სასწავლო პროცესის სასარგებლოდ. ამას თან ახლავს მოსწავლეების როლის ცვლილებაც, რომლებიც პასიური მონაწილეებიდან უნდა გადაიქცნენ აქტიურ და პასუხისმგებლობით აღჭურვილ მონაწილეებად. აქტივობები უნდა წარიმართოს მოსწავლეების მიერ, რომლებიც განსაზღვრავენ სასწავლო პროცესის დინამიკას. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არის ის რომ შებრუნებული მოდელის დროს ხდება გადასვლა მიდგომიდან რომელიც გულისხმობს სასწავლო მასალის დაფარვას, მიდგომაზე, რომლის მიზანია უნარების განვითარება და ცოდნის გამოყენება.

( STEM ის საკითხავი მასალა)

Comments

Popular posts from this blog

რა არის ბრეინშტორმინგი?